ის…
“ წარმოსახვითი ტკივილები ხანდახან უფრო ძლიერია ნამდვილთან შედარებით, რადგან თან ახლავს მორალური ტანჯვა, გამოწვეული მალული თვითდადანაშაულების გრძნობით. ასე რომ, ეს ფაქტის რეალობის საკითხი არ არის, ეს სულიერი რეალობის საკითხია”- კარლ იუნგი
მიკვირს,
როცა ამბობენ,
ჯერ ისევ ცრემლიანი თვალებით,
ტკივილები კვდებიანო
და
უხარიათ.
მიკვირს,
რადგან ყველა ტკივილი,
რომელიც ჩემში იყო
და
მოკვდა,
ვერ მივაქციე ყურადღება,
ვერ გამოვასვენე გარეთ,
ვერ ავუგე წესი,
ვერ დავუტირე
და
ვერ დავმარხე.
ყველა ტკივილი,
რომელიც ჩემში იყო
და
მოკვდა,
ძალიან ნელა
და
მძაფრად გაიხრწნა.
მათი საშინელი სუნი
ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ჩემი სულის ბათქაშჩამოყრილ კედლებს,
მეშინია,
ერთ დღესაც გულში ჩამიკრა
და
იგრძნო,
მაშინვე მკვდრეთით აღსდგებიან.
მათ ვეღარავინ ანუგეშებს,
მათ ვეღარავინ გაიზიარებს,
მათ ვეღარავინ დანებდება,
მათ ვეღარავინ მოითმენს.
ისინი მხოლოდ უნდა გახსოვდეს,
როგორც
სიბერეში შესულს უკანდასაბრუნებელი გზა.
ნუ ჩაიხედავ ჩემს თვალებში,
ჩემი თვალები ტკივილების სასაფლაოა.
▪︎ლაშა მარგიანი
ისეთნიც არსებობენ, ყველანაირ წვრილმანს რომ ყურადღებას აქცევენ და მათი მოკვლა ერთი სიტყვითაც შეიძლება…
კ. ჰამსუნი





